კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
გარდა იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების გადამზადებული უფროსკურსელები სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართული არიან, ასევე მაღალი ინტერესია მოხალისე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც როგორც ჯანდაცვის უწყებას, ისე განათლების სამინისტროს მიმართავენ. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, იქმნება მოხალისეთა ბაზა, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს. ისინი ნაწილდებიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ინფიცირების შემთხვევების მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი ონლაინკლინიკების მეშვეობით. ასევე, დამატებით მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზება, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.