საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მულმანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას და ავსტრიას მადლობა გადაუხადა.
ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA) წარმატებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა პანდემიის უარყოფითი გავლენა სხვადასხვა სფეროზე, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმი პრიორიტეტული სექტორი იქნება და ქვეყანა ავსტრიელ ვიზიტორებს მომავალშიც სიხარულით უმასპინძლებს.
ავსტრიის ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ავსტრიელი მონიტორების ჩართულობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და მადლობას უხდის მეგობარ სახელმწიფოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.