2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს განახლდა.
სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე აჭარის რეგიონში.
დანარჩენ სკოლებში სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება.
ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია.
დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით კი, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. ინტერნეტპროვაიდერები მათ 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. პროგრამით სარგებლობისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს პლატფორმაზე http://mobile.emis.ge
დღეიდან განახლდა „ტელესკოლის" გაკვეთილებიც.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები აღიარებულ იქნა საერთაშორისო დონეზე:
კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ მაღალი შეფასება მისცა covid-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად განხორციელებულ ღონისძიებებს და რეკომენდაცია გაუწია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომების შესახებ.
განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა აგრეთვე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ (UNICEF).
OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.
პანდემიის დაწყებისთანავე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის, ტელესკოლა, Microsoft Teams, FeedcEdu.