ვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის სუფსიდირების პროგრამა ამოქმედდა

ვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის სუფსიდირების პროგრამა ამოქმედდა

  • 2021-01-13 22:26:01

გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის 2021 წელს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს.

ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში.

მეწარმეებმა, რომლებსაც უფლება აქვთ ისარგებლონ ნაწილობრივი სუბსიდირებით, განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity. განაცხადის შევსება შესაძლებელია 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით.

სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში:

მეფრინველეობა;

ხორცის გადამუშავება და კონსერვირება;

შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება;

ხორცის პროდუქტების წარმოება;

თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება;

კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება;

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები;

ზეთებისა და ცხიმების წარმოება;

მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება;

რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება;

საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება;

სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება;

პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ვადის მქონე ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მსგავსი პროდუქციის წარმოება;

ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება;

მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება;

შაქრის წარმოება;

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება;

ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება;

მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

მეწარმეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.

ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა მიიმართოს მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარავად.

► იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5080731

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფებს, საქართველოს მთავრობა სრულად დაუსუბსიდირებს სხვაობას ელექტროენერგიის 2020 წლის ტარიფსა და 2021 წლის ტარიფს შორის იმ აბონენტებს, რომლებიც მოიხმარენ ელექტროენერგიას არაუმეტეს 301 კილოვატისა.

მსგავსი პოსტები