ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ძვირადღირებული, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო.
აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს. ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტული პაციენტისთვის ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორის დანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს.
მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ კლინიკებისთვის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ფასის გადახდა და, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება. აღნიშნული შეღავათებით მთავრობის N165-ე და N218-ე დადგენილებებით გათვალისწინებული პირები სარგებლობენ.
იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი რთული არითმიების დროს უეცარი სიკვდილისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებაა. ეს არის „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფილია აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული დეფიბრილატორებით, რომლებსაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ.
გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ, ბენეფიციართა თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შედეგად, პაციენტის ჯიბიდან გადასახადი კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე, ჯამში, 2,5 მლნ ლარზე მეტით შემცირდა.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.