საქართველოში პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მინისტრის თქმით, ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.
„მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამატებითი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია, მაგალითად: ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, არის მოლოდინი რომ უახლოეს პერიოდში გაზაფხულის სეზონზე საქართველო შეძლებს , ყველა წესის დაცვით, უსაფრთხოდ უმასპინძლოს ტურისტებს უფრო დიდი რაოდენობით.
ნათია თურნავას ინფორმაციით, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთობლივი ძალებით იქნას განხილული, თუ როგორ უნდა იქნას ეს ახალი გარემოება ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებული.