თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პანდემია

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პანდემია

  • 2021-01-25 20:08:17

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პანდემია.

ცერცვაძის თქმით, ბოლომდე საქართველოზე არ არის დამოკიდებული, თუ როდის და ვაქცინის რამდენ დოზას მიიღებს, თუმცა ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს მზად, რომ შიდა – ორგანიზაციული ან ლოჯისტიკური მიზეზებით არ მოხდეს ვაქცინაციის შეფერხება.

„ის, რომ საქართველო ძალიან აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და ძალისხმევას არ იშურებს არც ერთ დონეზე – არც ექიმების, არც სამთავრობო, ჯანდაცვის სამინისტროს, არც პარლამენტის დონეზე, მისასალმებელია და მიუთითებს იმ პასუხისმგებლობაზე, იმ მნიშვნელობაზე, რასაც ქვეყანა ვაქცინას ანიჭებს.

რა თქმა უნდა, ერთია ვაქცინის მოწოდება, როდის, როგორ, რამდენს მოგვაწოდებენ, ეს არ არის მთლად ჩვენს ქვეყანაზე დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მწარმოებლებზე, დღესდღეობით ვაქცინის თუ რა რაოდენობა არის ხელმისაწვდომი მსოფლიოში, მეორეა ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა. აი, აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მაქსიმალურად მზად იმისთვის, რომ ვაქცინის მოწოდების შემთხვევაში, შიდა მიზეზებით, რამე ორგანიზაციული ან ლოჯისტიკური მიზეზებით არ მოხდეს ვაქცინაციის შეფერხება და შეყოვნება. ამ კუთხით საკოორდინაციო საბჭოს, სამთავრობო და პარლამენტის გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე მიიჩნევს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ადამიანის ინტერესებზე.

„დამტკიცებულია ძალიან კარგი გეგმა, მე არ ვარ უშუალოდ საბჭოს წევრი, ვიცნობ ამ გეგმას. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ქვეყნის და ადამიანის ინტერესებზე“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო : 1tv.ge

მსგავსი პოსტები