პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი ტურისტული ინდუსტრიის, რესტორნებისა და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის იმ კრიტერიუმების და ლოგიკის გაცნობა იყო, რის მიხედვითაც საკოორდინაციო საბჭოზე ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესში მთავრობა ხელმძღვანელობს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით და სწორედ ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს.
ასევე საუბარი შეეხო უკვე არსებულ შემსუბუქებას, მაგალითად აჭარაში, სადაც 1-ლი თებერვლიდან იხსნება სკოლები და სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას.
„უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება, ცოტა ხანში გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები. ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ამასთან, როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია ტემპს იკრებს, ჯერ კიდევ არ არის დაძლეული პანდემია და პერიოდულად სხვადასხვა ევროპული და არა მარტო ევროპული ქვეყანა, შეზღუდვების დაწესებას მიმართავს. ამიტომ გარანტია ჯერჯერობით არ არსებობს და ჩვენ მივდივართ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით.
რაც მთავარია, ლოგიკა ავუხსენით ბიზნესებს. ასევე გვესმის, რომ ეს ლოგიკა რომელიც გასაგებია, შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან ისინი მართლაც დიდ გასაჭირში არიან; სეზონი პრაქტიკულად იკარგება, თუმცა ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არგახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს მიდგომა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნას არა ერთიანად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ რეგიონ-რეგიონ ადგილზე მოკვლევით, ყოველი კვირის თავზე დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგით, ეტაპობრივად გაიხსნას და დაემატოს სხვა დარგები.
„ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული და მათაც ახლა ვხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 1-ლი თებერვლიდან იხსნება ფრენები და საერთოდ უქმდება ნებისმიერი შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე.
„მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე, რადგან ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციაგავლილ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და ჩვენ ამაშიც დავეხმარებით“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.