გიორგი გახარია - მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის

გიორგი გახარია - მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის

  • 2020-03-12 12:43:21

„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა  პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა მთავრობის ყველა შესაბამისი ორგანო გადადის 24-საათიან, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.

„ეს გამოწვევები, როგორც ჩანს, ყოველდღიურად გაიზრდება და ვალდებულნი ვართ, შესაბამისად, ვიყოთ მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების და იუსტიციის სამინისტროებს, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა, ამავე დროს დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედებების დრო,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს დღეიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან.

„ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებული გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან, ჩამომსვლელი პირებისთვის, ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდება, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს.

„ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა, ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, რომ თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თქვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ აპრილამდე გახანგრძლივდება არდადეგები სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან ერთად, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდება საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში.
 
„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, თვითიზოლაციის წესების აღსრულების კონტროლის უზრუნველყოფა დაავალა.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება,  ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყოს ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციისა, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის წარდგენა დაავალა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას მიადგეს.

„პირველ რიგში, ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს გლობალური გამოწვევაა, მაგრამ დროებითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

🎬 იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები