თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტი 55 მილიონი ლარით იზრდება და მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა მილიარდ 105 მილიონ 410 ათასი ლარით განისაზღვრა. გაიოზ თალაკვაძემ კომისიების წევრებს ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლებზეც დამატებული თანხა გადანაწილდება. თანხები ტრანსპორტის სუბსიდირებას, ახალი ავტობუსების შეძენას, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვას, ბაღების სააგენტოს და ინფრასტრუქტურული სამსახურის პროექტებს მოხმარდება. ამას გარდა, თანხის გარკვეული ნაწილი მერის სარეზერვო ფონდში ჩაირიცხება.
დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა ვაკის, დიდუბის, გლდანის და კრწანისის რაიონების გამგებლების კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის, დიდუბის რაიონის გამგებლად ლევან ჯღარკავას, გლდანის რაიონის გამგებლად ლევან ნაროუშვილის, ხოლო კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურები დაამტკიცეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახლადანიშნულ გამგებლებსა და წარმომადგენლობით ორგანოს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძე დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეების მოწყობის მიზნით გაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე განკარგულების პროექტი გააცნო. გარდა ამისა, მან სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „ალმას“ შორის 2019 წლის 6 თებერვლის „შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილები წარადგინა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებიც განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების საკითხები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ კი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილებაში ცვლილები, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №39-18 დადგენილებაში ცვლილები წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხებიც დაამტკიცეს, რომელიც საკრებულოს წევრებს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა გააცნო.