გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 12,500 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა სოფელ ნიქოზის ამბულატორიას, რომელიც უკვე 30 წელია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ემსახურება.
UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი ამბულატორიას 29 იანვარს ეწვია და პორტატიული რენტგენის დანადგარი და სხვა აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს გადასცა.
UNDP-ის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ამბულატორიის მთავარ ექიმთან, ნიკოლოზ ძამუკავშილთან. ამ შეთანხმების საფუძველზე გაეროს განვითარების პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს ნიქოზის ამბულატორიის ხელშეწყობას. UNDP-ის მხარდაჭერის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისს, ხოლო ხანდაზმული პირები შეძლებენ სამედიცინო კვლევის ჩატარებასა და მომსახურების მიღებას როგორც კლინიკაში, ისე სახლის პირობებში.
ნიქოზის ამბულატორია განლაგებულია ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. მიმდებარე სოფლების 3,000 მაცხოვრებლისთვის, მათ შორის, 1,100-ზე მეტი ხანდაზმულისთვის ეს ერთადერთი ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებაა.
ხელმისაწვდომმა მობილურმა ჯანდაცვამ პანდემიის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ასეთი მომსახურება ხელსაყრელია ხანდაზმულთათვის, ისევე როგორც თანმდევი დაავადებებისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რადგან მათი გადაადგილება ხშირად გართულებულია. მობილურ ჯანდაცვაზე მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, სოფლად განლაგებული ამბულატორიები უმეტესწილად სათანადოდ აღჭურვილნი არ არიან ამ სერვისის გასაწევად.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ ნიქოზის ამბულატორიისთვის სხვადასხვა სახის პორტატიული სამედიცინო დანადგარი შეიძინა. გარდა ამისა, განახლდა და აღიჭურვა ბიოქიმიური ლაბორატორია და რენტგენის კაბინეტი.
„კორონავირუსის კრიზისის პირველივე დღეებიდან გაეროს განვითარების პროგრამა მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მყისიერი საჭიროებების დაკმაყოფილება, არამედ უფრო მდგრადი და სისტემური მოდელების შექმნა, რათა რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა მუდმივად შეძლონ მათთვის კრიტიკული სერვისების მიღება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის ხელშეწყობა პანდემიაზე უფრო ფართო რეაგირების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მრავალმხრივ გამოცდილებას ეყრდნობა, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, უთანასწორობის შემცირება, კრიზისისადმი მდგრადობის მშენებლობა, ხანდაზმულების, ქალების, უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობა.
UNDP-ის დახმარება ხორციელდება კონფლიქტით დაზარალებული ქალების ხელშეწყობის პროექტის რესურსებით, გაეროს პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებითა და დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში ადგილობრივ განვითარებასა და კარგ მმართველობას ემსახურება.