რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო.
ახალი გვირაბი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, რიკოთის არსებული გვირაბის პარალელურად შენდება. მისი სიგრძე 1800 მეტრი იქნება უკვე გაჭრილია 200 მეტრამდე.
საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი. მე-6 ახალი გვირაბი სოფელ შროშასთან სულ ამხლახან გაიჭრა, მისი სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
სამშენებლო სამუშაოები 53 გვირბიდან 39 გვირაბზე და 96 ხიდიდან 61 ხიდზე მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
რიკოთის ახალი 52 კმ-მდე საუღელტეხილო გზა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ, მგზავრობის დროს გაანახევრებს.
რიკოთის საუღელტეხილო გზა, E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. მისი მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
ახალი გზა, ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირება.