ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ტუროპერატორები გაეცნენ პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.
როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გაიცნოს მსოფლიომ.
„პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიოს ხელახლა გავაცნოთ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის გვაქვს ყველა წინაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.