გიორგი გახარია - დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება.
ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი იძლევა შესაძლებლობას, რომ შეზღუდვები დაგეგმილზე უფრო სწრაფად შემსუბუქდეს.
„რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. არაგონივრული, არა ფრთხილი, შეზღუდვების სწრაფი მოხსნა-გაუქმება არის ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ, რათა გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწოთ ხელი ეკონომიკასა და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვები შენარჩუნდება.
„მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად ბაზრობები, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპია 15 თებერვალი, როდესაც საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან, კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ მომსახურების გაწევას ღია სივრცეში.
„შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემსუბუქება 15 თებერვლის შემდგომ და მათი კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე შევძლებთ, ჩვენს მოქალაქეებს ასევე ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები მოიხსნება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული ნაბიჯი ზრდის არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ ბიზნესის, კონკრეტული კომპანიების და ყველა სახის ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვაც გამკაცრდება.
„როდესაც, მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ მოიგონა უფრო ეფექტური რამ პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე და დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა სხდომაზე ასევე ისაუბრა ორგანიზაციების მხრიდან მოქმედი შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ რეაგირებაზე და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით.
„დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ისინი ვეღარ მიიღებენ მომავალში მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი მიდგომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი 80%-ის სუბსიდირება რესტორნებთან ერთად შეეხება ასევე სპორტის ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ.
„6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. ჩვენ ვამსუბუქებთ ამ ტექნიკურ მოთხოვნებს, რათა ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, გარდა რესტორნებისა, შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი კახა ქემოკლიძე წარადგინა და აღნიშნა, რომ მას აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კახა ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას.
„კახა ქემოკლიძე ჩვენს გუნდში უკვე წლებია, მუშაობს. ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.