საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად.
ეკონომიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს, რათა ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიადგა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და შემუშავდეს ეკონომიკის სტიმულირების ის ღონისძიებები, რომელიც დაზარალებულ სექტორებს კრიზისის სწრაფად დაძლევაში დაეხმარება.
კონკრეტული მიზნობრივი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც მთავრობა კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაზარალებული პრიორიტეტული სექტორების დასახმარებლად განახორციელებს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
აღინიშნა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაჟღერდება, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, დაკარგეს, ან შესაძლოა, დაკარგონ შემოსავალი შექმნილი ვითარების გამო, ასევე დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, გადალახონ კრიზისი და მოკლე პერიოდში დაიბრუნონ კონკურენტული უპირატესობები.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მაქსიმალური სოციალური დისტანციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და აუცილებელია, როგორც ეპიდემიის გავრცელების შენელების, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკების შემცირების თვალსაზრისით.
მთავრობა კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას და ბიზნესსექტორს, მკაცრად დაიცვან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გადალახოს ის კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია შექმნილი და ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას.