თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაისში გვექნება მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა - ამირან გამყრელიძე

თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაისში გვექნება მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა - ამირან გამყრელიძე

  • 2021-02-08 15:30:18

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეტაპთან ერთად, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, განსაკუთრებით კი პირბადის ტარების წესს - დიდი ალბათობით, შევძლებთ შემდგომი ეპიდაფეთქების თავიდან აცილებას. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ე.წ. "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი არ განიხილება. 

"ნებისმიერი რეგულაციის შემსუბუქება, რა თქმა უნდა, ინფიცირების გაზრდის მომატებული რისკია, მაგრამ თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ხშირად ვიმეორებთ და, განსაკუთრებით, პირბადის მოხმარების წესს, ამასთან, მუნიციპალურ ტრანსპორტში ვეცდებით დავიცვათ გარკვეული დისტანცია, მაშინ, ყველანაირი გათვლებით, მაისში გვექნება 2-3 ათეული შემთხვევა ყოველდღიურად,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ექიმ გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სპირტის შემცველი ხსნარით ხელების დამუშავებაც, რაც, მინიმუმ, 20 წამს უნდა გრძელდებოდეს. 

"ავტობუსში უნდა იყოს დაშვებული ხალხის მინიმალური რაოდენობა, უნდა დაემატოს რაც შეიძლება მეტი ავტობუსი, მეტი ცვლა, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს კონტაქტი. ტრანსპორტში ყველა უნდა მოერიდოს სახელურებზე და სამაგრებზე ხელის მოჭიდებას, რადგან ეს არის უპირველესი წყარო ინფექციის გავრცელების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზრობების შემთხვევაში, ხელის დამუშავების წესი ასრულებდეს დიდ როლს, ხელის დამუშავება უნდა გრძელდებოდეს, მინიმუმ, 20 წამს, 60%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით,"- განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ. 

იხილეთ ვრცლად

 

წყარო : rustavi2.ge

მსგავსი პოსტები