დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნისთვის ვაქცინაციის პროცესი ახალი არ არის.
მისი თქმით, ყოველწლიურად, საქართველოში 350-400 ადგილზე მილიონამდე აცრა ტარდება. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევაში განსხვავება ისა, რომ „ფაიზერის“ ტიპის ვაქცინა რუტინული ვაქცინაციის პროცესში არ გამოუყენებიათ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა მინუს 80-გრადუსიან პირობებში ინახება, რისთვისაც ქვეყანა მოემზადა.
„ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც სრული მზადყოფნაა. დაავადებათა კონტროლის ქსელში გვაქვს -80 გრადუსიანი მაცივრები, ისინი შემოწმდა და გამართულია. ხვალ ბათუმსა და ქუთაისში მიემგზავრებიან ჩვენი ჯგუფები. გვაქვს წინასწარი სია იმ საავადმყოფოების, რომლებიც შეირჩა, მაგრამ ახლა დასახელებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები აიცრებიან.
„მეორე ეტაპზე უკვე გაფართოვდება ამბულატორიულ ქსელში. ჰოსპიტალურ ქსელში შეირჩა 10-12 ჰოსპიტალი, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ამოწმებს, რამდენად არის მზადყოფნა, ხოლო ჩვენები ამოწმებენ, როგორ არის გამართული ცივი ჯაჭვი.
„ფაიზერისთვის“ დაკომპლექტებული იქნება 40-მდე ბრიგადა, რომელიც დღეში აცრის 42 ადამიანს. 42-ს იმიტომ, რომ თითო ფლაკონში არის ექვსი დოზა და სრულად უნდა გაიხარჯოს ყველა. რიგის სისტემაზეც ვართ ჩამოყალიბებული, უკვე დაახლოებით სამედიცინო პერსონალის 70 ათასზე მეტი პერსონალური მონაცემებია ბაზაში ატვირთული, დღეს მთავრდება მათი სელექცია სამ ჯგუფად – მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ჯგუფები.
მაღალი პრიორიტეტები არიან რეანიმაციები და კოვიდ კლინიკების პერსონალი. სცენარები ყოველდღიურად მუშავდება. ამ კვირის მეორე ნახევარში დაიწყება პერსონალის ტრენინგები, ისინი გამოცდილები არიან, მაგრამ გაივლიან სპეციფიკურ ნიუანსებს. მზადდება გზამკვლევები საავადმყოფოების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, ასევე იწყება მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
წყარო : 1tv.ge