ოზურგეთის 1000 მოსწავლეზე გათვლილ N1 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ინოვაციების ცენტრი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. შენობაში ოთახები პანორამული ხედებითაა განლაგებული. შენობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, როგორც დახურულ, ისე ღია სამუშაო სივრცეებს, სასწავლო და კომპიუტერის ოთახებს, ტექნიკურ ოთახებს, მინიფაბრიკის ლაბორატორიას და გამწვანებულ შიდა ეზოს. ინოვაციური ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ორივე შენობას. შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან.
მოეწყო სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები, ღია სტადიონი და რეკრეაციული ზონა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ოზურგეთის პირველი სკოლა ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტთან“.
ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა 175 წლისაა. თავდაპირველად მის ადგილას სასულიერო სასწავლებელი იყო, სადაც სწავლობდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი, ავქსენტი მეგრელიძე, ვარლამ სიმონიშვილი, ფილიმონ ქორიძე, ნიკო მარი, რეზო ესაძე, აკაკი ბაქრაძე და სხვა გამოჩენილი ქართველები.
გურიაში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.
სკოლები სრულად უზრუნველყოფილია დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და სადეზინფექციო სითხეებით .
სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, ტარდება მონიტორინგი.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა.
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:
აშენდა 30 სკოლა;
მოწესრიგდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი;
განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.