COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს შვედური კომპანიის (MAQUET Critical Care) მიერ წარმოებული უახლესი თაობის 10 ცალი სუნთქვის აპარატი და სამედიცინო ხალათი გადასცა.
სამედიცინო აპარატურა და დამცავი საშუალებები აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაშია განთავსებული.
მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების დაცვა და განკუთვნილი აპარატურით სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა, პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. დღეს დამატებით მივიღეთ სასუნთქი აპარატები, სამედიცინო ხალათები და ხელთათმანები. ევროკავშირთან პარტნიორობა COVID პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო და აღსანიშნავია, რომ მათი მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ყველა რთულ პროცესს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით პროექტის მიზანი COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეფექტურად გამკლავება და ქართული ჯანდაცვის სექტორის მზაობის კიდევ უფრო გაძლიერებაა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით და დახმარება გავუწიეთ საქართველოს.ჩვენ საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაშიც ვეხმარებით. ეს ეხება როგორც სოციალურ, ისე ჯანდაცვის საკითხებს. დარწმუნებული ვარ, ახალი სამედიცინო ინვენტარი მომსახურეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
გადაცემის ცერემონიალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში დღემდე:
-საქართველოს საავადმყოფოებს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 40,000 საიზოლაციო ხალათი, 20,000 დამცავი სათვალე, 5,000 სახის ფარი, 1,082,000 სამედიცინო პირბადე, 328,000 რესპირატორი და 29 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.
-COVID-19-ის მკურნალობაზე მომუშავე საავადმყოფოებში ჩატარდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობების შეფასება, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულების რამდენიმე კვლევა.
-ტრენინგები გაიარეს პირველადი ჯანდაცვის მუშაკებმა, ახალმა და არსებულმა ეპიდემიოლოგებმა და ლაბორატორიების სპეციალისტებმა.
-პრევენციული ზომების შესახებ ტრენინგები გაიარეს მაღალი რისკის ჯგუფებმა, მათ შორის სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობების გამყიდველებმა.
-თბილისისა და ბათუმის 50-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი მენტალური ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ.