ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის 52-ე სეზონი დღეს გაიხსნა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონი საოპერო სცენის ნაცვლად, მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია თეატრალურ სივრცეში ,,მწვანე თეატრი" მოეწყო. პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებლის წინაშე ერთგანყოფილებიანი კონცერტით წარდგა.
,, ოპერისა და ბალეტის თეატრმა 2020 წლის თეატრალური სეზონი უჩვეულო გარემოში გახსნა. ვულოცავ ყველას და განსაკუთრებით თეატრალურ საზოგადოებას. ქვეყანაში და რეგიონში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ერთად შევძელით რეგულაციების დაცვით ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარება. როგორც ამ ქალაქისთვის ასევე იმერეთისთვის მნიშვნელოვანია თეატრალური ცხოვრება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას. თქვენ იცით, რომ ჩვენი მხარდაჭერით გაიხსნა ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი". შეუძლებელია არ გავაგრძელოთ თითქმის ორსაუკუნოვანი ტრადიცია და ქუთაისში კულტურული ცხოვრების განვითარება შევაფერხოთ. ქალაქში სადაც 1859 წლიდან იმართებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, ანტონ ლორთქიფანიძის, გიორგი ღოღობერიძისა და სხვათა ხელმძღვანელობით, არ შეჩერდება თეატრალური ცხოვრება და მალე სპექტაკლებს ვიხილავთ ყველა თეატრის სცენაზე. იქნება საინტერესო სპექტაკლები, პროექტები და მაყურებელთა ოვაცია" - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ სეზონის გახსნაზე.
ქართული საოპერო ნაწარმოებები ოპერის თეატრის სოლისტების გუნდმა და ორკესტრმა, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულეს.