თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას წლების განმავლობაში ექმნებოდა პრობლემები, მთლიანად შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კეცხოველისა და ზოგიერთ სხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობა, უხვი ნალექის დროს, გლდანის ცენტრალურ ქუჩებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.
„ალბათ გახსოვთ, როდესაც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რებილიტაცია დავასრულეთ, უხვი ნალექის დროს, წყალი მთლიანად მოედინებოდა გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე და ეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილზე შემსვლელ არცერთ ქუჩას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, ეს ნალექი კი, პირდაპირ ჩაედინებოდა ვეკუასა და ხიზანიშვილზე. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ბოჭორიშვილის ქუჩა, ახლა კეცხოველის ქუჩა სრულდება. კიდევ არის რამდენიმე ქუჩა დარჩენილი, რომლსაც სჭირდება მოწესრიგება თავისი სანიაღვრე სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე გარე განათების ქსელი, ხოლო ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა. გარდა ამისა, დასრულებულია ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა და 5500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება.
ნიკო კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 197 000 ლარი დაიხარჯა.
ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნენ.