საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უპირველეს პრიორიტეტს COVID-19-ის ვაქცინის დროული მიღება და ეროვნული გეგმით განსაზღვრული მოსახლეობის ჯგუფების ვაქცინაცია წარმოადგენს.
აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, სამინისტრომ ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო აქტიური ღონისძიებების გატარება.
ვაქცინების მისაღებად, სამინისტრო იყენებს რამდენიმე ოფიციალურ არხს, მათ შორისაა, მომწოდებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ევროკავშირთან თანამშრომლობა და COVAX პლატფორმა.
სწორედ COVAX პლატფორმასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, საქართველომ 2020 წლის წლის შემოდგომაზე გააფორმა ხელშეკრულება და მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზების შესყიდვისთვის 5.3 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. პარალელურად სახელმწიფომ ვაქცინაციისთვის მაღალი დონის მზაობის ღონისძიებების გატარება დაიწყო. კონკრეტულად, 2020 წლის ნოემბრიდან 82 ექსპერტის მონაწილეობით დაიწყო ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე მუშაობა. ამავდროულად ჩამოყალიბდა ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისო საბჭო. 2021 წლის 21 იანვარს კი მთავრობის განკარგულებით ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დამტკიცდა.
იანვრის თვეში განხორციელდა ვაქცინაციისთვის ქვეყნის მზაობის დონის შეფასება და სახელმწიფოს მზაობა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა, ასევე კოვაქსის კომისიამ დაადასტურეს. რამდენადაც საქართველო აკმაყოფილებდა COVAX-ის მიერ მოთხოვნილ ყველა ძირითად კრიტერიუმს, 29 იანვარს საქართველომ ფაიზერის 29 250 დოზის, ხოლო ასტრა ზენეკას 180 000-დან 315 000-მდე დოზის ეტაპობრივად მოწოდების შესახებ დასტური მიიღო.
29 იანვრის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსა და COVAX პლატფორმას შორის ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა უშუალოდ ვაქცინების შესყიდვისა და მოწოდების პროცედურებთან დაკავშირებით. შესყიდვის პროცედურა არის სტანდარტული, როგორც ფაიზერის, ასევე ასტრა ზენეკას შემთხვევაში. ასტრა ზენეკასთან დაკავშირებით ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი. ეს არის ერთი ეტაპი, რომელზეც ხელი უკვე მოეწერა. ზუსტად იგივე ეტაპები არის გასავლელი ფაიზერთან მიმართებაში. თუმცა 22 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ COVAX პლატფორმისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც ფაიზერის მიერ განხორციელდა გარკვეული მოთხოვნების დამატება, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ვაქცინის მიღებისთვის ქვეყნის ტექნიკურ მზაობას და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან. სწორედ ამ საკითხის განხილვისთვის კოვაქსმა მოითხოვა დამატებითი კომუნიკაცია სამინისტროსა და COVAX პალტფორმის წარმომადგენლებს შორის. ვაქცინების მომწოდებლების მიერ, ქვეყნის მზაობასთან დაკავშირებით შენიშვნა ან ნეგატიური შეფასება არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც ელოდება ფაიზერისგან და კოვაქსისგან სატელეფონო კომუნიკაციის საკითხზე ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ მოხდება იმ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც მათ ჩამოაყალიბეს.
შესაბამისად, სამინისტრო მიყვება ვაქცინების მწარმოებლების მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ორიენტირებულია ვაქცინების მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში მიღებაზე.