რუსთავში ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება.
კიდევ ერთი ძველი უბნის-რუსთაველის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პროექტი საზოგადოებას, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინეს.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერის მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ამჟამად ისტორიული უბნის რესტავრაციის პირველი ეტაპი იწყება და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ქუჩა სხვა ეკონომიკურ და სოციალურ დატვირთვას შეიძენს.
ძველი რუსთავის ამ უბანში 8 ჰექტარი რეკრეაციული სივრცეა, რის გამოც პროექტის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანების სამუშაოებს.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს რუსთავის კიდევ ერთი ისტორიული შენობა-ხელოვნების სასწავლებელი, რომლის უნიკალური დარბაზის რესტავრაციაც უკვე დასრულებულია და ამჟამად გარე ფასადის რეაბილიტაციაზეა ტენდერი გამოცხადებული.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.