რუსთავში ორი ახლადრეაბილიტირებული კულტურული სივრცე გაიხსნა.
ხელოვნების სასწავლებელი და ლიტერატურული სკვერი, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.
ღონისძიებას პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მოადგილეებთან ერთად, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერის მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს წევრები და რუსთავის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიტერატურულ სკვერში და პირველ მუსიკალურში გამართული ღონისძიების სტუმრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურამ დოჩანაშვილის და ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას.
საინტერესო კონცეფციით შექმნილი ლიტერატურული სკვერი, რუსთავში მე-8 მიკრორაიონში მდებარეობს. რეკრეაციაში განლაგებულ სკამებს ქართული ანბანის ფორმა აქვს მიცემული.
ცნობილმა პიანისტმა და პარლამენტის წევრმა ელისო ბოლქვაძემ, ლიტერატურულ სკვერში, სიმბოლურად ერთი ხის ნერგიც დარგო.
მუსიკალური სკოლის რეაბილიტირებული დარბაზის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, კი ხელოვნების სასწავლებელში შეკრებილმა საზოგადოებამ, კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც იმსჯელა.
რეასტავრირებულ სცენაზე შესრულებული პირველი მუსიკალური ნაწარმოები, გია ყანჩელის ცნობილი კომპოზიციები იყო, რომელიც ამავე სასწავლებლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა შეასრულეს.
პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით, ერთი სიმღერით აღნიშნა ახალი დარბაზის გახსნა ანსამბლმა ,,თუთარჩელამაც“.
ღონისძიების დასასრულს, ელისო ბოლქვაძე, რუსთაველებს სამომავლოდ სოლო კონცერტის გამართვასაც დაპირდა.
ქალაქის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს უკვე ხელოვნების სასწავლებლის სტატუსს ატარებს, ერთ-ერთი ისტორიული დანიშნულების შენობაა რუსთავში და მისი უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია, აშენების დღიდან პირველად განხორციელდა.
დარბაზის გარდა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სასწავლებლის ფოიეში, მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, ჩატარდა შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელიც.
სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში, შენობის ფასადების სარესტავრაციო სამუშაოებიც დაიწყება.
რუსთავის ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529 ათასი ლარით, ლიტერატურული სკვერი, კი ორ სხვა მინი რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, რუსთავის ბიუჯეტიდან 151 ათასი ლარით დაფინანსდა.