ჩვენი შესაბამისი სამსახურები ეტაპობრივად ახორციელებენ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორში მოქმედმა ერთ-ერთმა სასტუმრომ, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ობიექტის საკარანტინო სივრცისთვის დათმობის წინადადებით მიმართა მერიას.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს მუშაობს. შესაბამისად, სიფრთხილის ზომების მაქსიმალური დაცვით ვმოქმედებთ, გაფრთხილებულია მერის ყველა წარმომადგენელი და მათ სამოქმედო ტერიტრიაზე, რაიმე საეჭვო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გვაცნობებენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს და ითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ეტაპობრივად ახორციელებენ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს.
ამასთან, უნდა აღინიშნროს, რომ გორში მოქმედმა ერთ-ერთმა სასტუმრომ („ვიქტორია“) მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდეს. ასეთი წინადადებები მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დამადასტურებელია და ვფიქრობ, მისაბაძია. ერთსაც დავამატებ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების ოპერატიულად განსახორციელებლად, ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს შესაწამლი აპარატები გადასცა“, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას GMnews ავრცელებს.