საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
- კიდევ 58 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, 25,000-ზე მეტ ადამიანს კი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა.
- სტატუსი, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭება 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 19 სოფელს (გორის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში) და იმ 39 დასახლებას, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტებში (თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის), რომელთა დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს კი, სტატუსი მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობენ 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.
- იცვლება 2000-ზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი.
- ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით - სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს 250 000-მდე მოქალაქე.