ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისზე მოდის.
„ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე მუშაობა მიდის, გეგმა გვაქვს – 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით, აქტიური შემთხვევა სულ 14 000-ია. გასული მეორე ტალღის პერიოდში, როცა აქტიური შემთხვევები იყო, 31 000 იყო მაქსიმუმი, პიკური მაჩვენებელი, ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, დაახლოებით, 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, თუმცა, დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რაც გვაქვს, სრულად საკმარისია. მეტი დატვირთვაა თბილისზე, სხვაგან საბედნიეროდ უკეთესი მდგომარეობაა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება. რაც შეეხება სხვა მარაგებს, მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაფერისი სამედიცინო მომსახურება. ბოლო პერიოდში რამდენიმე კოვიდსასტუმროს დამატება მოგვიხდა, დაახლოებით, 700-მდე პაციენტი აგრძელებს კოვიდკლინიკებში მკურნალობას და, რა თქმა უნდა, ონლაინკლინიკები მუშაობენ იმისთვის, რომ ბინაზე მყოფ პაციენტს ჰქონდეს შესაფერისი მომსახურება. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის, ეს კვირა იმუნიზაციის კვირეულია. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოწოდება იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია განსაკუთრებით, კორონავირუსის პერიოდში“, – განაცხადა გაბუნიამ.