ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში უკვე შეირჩა.
რუსთავი - მეგობრობის გამზირი და მერიის წინ მოედანი
ბოლნისის - სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა
გარდაბანი - დავით აღმაშენებლის ქუჩა
დმანისი - თავისუფლების ხეივანი და წმინდა ნინოს ქუჩაზე (#41-#54) მდებარე სივრცე
მარნეული - ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სკვერი
წალკა - არისტოტელეს ქუჩა
თეთრიწყარო - თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე მოედანი
კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს 2 რეგიონში - კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისათვის ტენდერები მიმდინარე კვირას გამოცხადდა. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.