თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ვაქცინაციამდე და აცრის შემდეგ

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ვაქცინაციამდე და აცრის შემდეგ

  • 2021-05-23 11:07:17

სანამ ვაქცინაციის ორ დოზას არ მოვრჩებით და არ გამომუშავდება იმუნიტეტი, თრობისგან და დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებიდან სჯობს თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს.

„მკაცრი შეზღუდვა არაფერზე არ არსებობს. გარდა ერთისა, თუ ადამიანს გადატანილი აქვს ძლიერი ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია, ამ შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმ-ალერგოლოგთან, რომელიც მათ ვაქცინაციისთვის მოამზადებს, მისცემს რჩევებს, ის გაერკვევა რამდენად სერიოზული იყო ეს ალერგიული რეაქცია, იყო თუ არა ეს ანაფილაქსია, მოამზადებს, ეტყვის როგორ მოიქციეს.

ზოგ შემთხვევაში, ვისაც გაზაფხულზე აქვს ალერგიული რეაქციები, ურჩევენ მოიცადოს 1-2 თვე, თუ ალერგოლოგი ხედავს, რომ საშიში არ არის ეუბნებიან, რომ არ მოიცადოს, შეიძლება პატარა მედიკამენტოზური კურსი ურჩიოს.

სიგარეტის გამოყენებასა და შეზღუდვაზე რაიმე მონაცემი არ არის. რაც შეეხება ალკოჰოლს, არის შეხედულება, ნახევრად დადასტურებული, რომ ალკოჰოლი თრგუნავს იმუნურ პასუხს და ხელს უშლის ეფექტიანი იმუნიტეტის გამომუშავებას ვაქცინაციის შემდეგ. ამიტომ არ ურჩევენ ალკოჰოლის მიღებას.

ეს არ შეეხება მცირე დოზით მიღებას, 1-2 ჭიქა ღვინო საფრთხეს, უარყოფით შედეგს არ წარმოადგენს, არც ვაქცინაციამდე და არც ვაქცინაციის შემდეგ.

რაც შეეხება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, სანამ ვაქცინაციის ორ დოზას არ მოვრჩებით და არ გამომუშავდება იმუნიტეტი, თრობისგან და დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებიდან სჯობს თავი შევიკავოთ“,-აღნიშნავს ცერცვაძე.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ, სოლარიუმზე მკაცრი შეზღუდვა არ არსებობს.

„ერთადერთი იყო საუბარი, რომ ვინც კონტრაცეპტივებს იღებს, „ასტარზენეკას“ და „ფაიზერის“ მიღებისას, თითქოს, უფრო ხშირი იყო თრომბოზები, რომელიც ზოგჯერ 2-3 კვირის შემდეგ ვითარდება. ეს სტატისტიკურად დადასტურებული არ არის. ჩვენთან საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც ეფექტურად მუშაობს.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ „სამხრეთ აფრიკულ შტამზე“ არ არის დადგენილი.

„არსებული ინფორმაციით, „ბრიტანულ შტამზე“ დღეს მოქმედი ვაქცინები, მათ შორის, ჩინური, ისევე ეფექტურია, როგორც ძველ, სტანდარტულ, ჩინურ, ევროპულ შტამზე. ერთადერთი შტამი, რომლის ვაქცინის ეფექტურობა ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, „სამხრეთ აფრიკული შტამია“, სადაც კვლევები არაა ჩატარებული და შემოწმებული, თუ რამდენ პროცენტ შემთხვევაში ფარავს ე.წ. სამხრეთ-აფრიკულ შტამს, საბედნიეროდ, ეს შტამი ჩვენთან არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

იხილეთ ვიდეო 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი პოსტები