საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს

  • 2021-06-01 11:59:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხები განიხილეს.

როგორც ცნობილია, დღეიდან ძალაში შევიდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, იხსნება სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა. სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით; ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება;

ამასთან, საბჭო ვიზიტორებს მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა.

გარდა ამისა, დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ; ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განაგრძობს თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას, რათა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;

საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 343 943 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 327 618 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 773 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 44 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 658 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3829 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები