1-ლი ივნისიდან, იხსნება სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ 19-ის მკურნალობის ხარჯებს.
„შეგახსენებთ, რომ დღეიდან ძალაში შედის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან, იხსნება სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა. სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით; ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება;
ამასთან, საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ-19-ის მკურნალობის ხარჯებს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
წყარო : ინტერპრესნიუსი