Novavax-ის ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

Novavax-ის ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

  • 2021-06-16 12:44:42

Novavax-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 90 პროცენტზე მეტად ეფექტიანია, მათ შორის კორონავირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ. ამის შესახებ ვაქცინის მწარმოებელი აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე იუწყება.

„ვაქცინამ 100 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა საშუალო და მწვავე დაავადების წინააღმდეგ, ზოგადი ეფექტიანობა კი 90,4 პროცენტია. კვლევაში 29 960 ადამიანი მონაწილეობდა აშშ-სა და მექსიკის 119 სხვადასხვა ადგილიდან. ამ ცდის ფარგლებში შეფასდა ეფექტიანობა, უსაფრთხოება და იმუნოგენურობა“, — წერს კომპანია განცხადებაში.

მერილენდის შტატში ბაზირებული კომპანიის განცხადებით, მარეგულირებელს ავტორიზაციის მიღების მოთხოვნით 2021 წლის მესამე კვარტალში მიმართავს. დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია აღნიშნავს, რომ მესამე კვარტლის ბოლოდან თვეში 100 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს, წლის ბოლოსთვის კი მოცულობა 150 მილიონამდე გაიზრდება.

„დღეისათვის, Novavax-ი ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს არის, რომ გადაჭრას COVID-19-ის დამატებითი ვაქცინების კრიტიკულად აუცილებელი პრობლემა“, — ამბობს კომპანიის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სტენლი ერკი.

მისივე განცხადებით, Novavax-ი აგრძელებს გადაუდებლობის შეგრძნებით მუშაობას, რათა დროულად შეავსოს მარეგულირებლის განაცხადი და დაიწყოს ვაქცინის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მდიდარმა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციაში, რჩება საშიშროება, რომ ღარიბი ქვეყნები ამ პროცესს მიღმა დარჩებიან.

ზოგიერთი კონკურენტი ვაქცინისგან განსხვავებით, Novavax-ის ვაქცინა, ოფიციალური სახელით NVX-CoV2373, არ საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას. საჭიროა ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურა, 2°- 8°C.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

 

წყარო : 1tv.ge

მსგავსი პოსტები