„ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც COVID-19-ის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით ითვალისწინებს“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მასობრივი ვაქცინაციის საკითხზე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპისთვის იმუნიზაციის პროცესში 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. თითო ბრიგადის გამტარუნარიანობა 8 საათიანი გრაფიკით 60 პაციენტია.
„გასულ კვირას, კლინიკებმა გამოხატეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების რაოდენობის ზრდისა და საათების დამატების კუთხით. მოქალაქეებს ესაჭიროებათ ხელშეწყობა ვაქცინის მისაღებად. იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოში არის მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25 დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის იმუნიზაცია. მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველთვე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ვაქცინებით აცრა იქნება შესაძლებელი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში შეეძლებათ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სივრცეების მოწყობაზე, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დამატებითი ამცრელი კაბინეტები შეიქმნას.
მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისას, აცრები ჩატარდება კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, ამცრელი კაბინეტები კი - რვა საათის განმავლობაში იმუშავებენ.
„იგეგმება დამატებითი სივრცეების მოწყობა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ. ვმუშაობთ, რათა შეიქმნას დამატებითი კაბინეტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კვალიფიციური სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
30 ივნისის მონაცემებით საქართველოში 261 652 აცრაა ჩატარებული.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.