"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ

"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ

  • 2021-07-14 13:02:43

"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, "pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

„საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები.

"pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ამ ეტაპისთვის, "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

"pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

"pfizer"-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი 

მსგავსი პოსტები