ეკატერინე ტიკარაძე დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა

ეკატერინე ტიკარაძე დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა

  • 2021-08-18 12:57:50

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალს ესტუმრა.

მინისტრის განმარტებით, საველე ჰოსპიტალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, რაც ყველა საწოლის ჟანგბადით უზრუნველყოფას გულისხმობს. ტერიტორიაზე ჟანგბადის ორი ხუთტონიანი ავზია მოთავსებული. მინისტრის თქმით, აღჭურვა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა და ყოველივე ამას, კოვიდპანდემიის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საველე ჰოსპიტალში ინტენსიური და რეანიმაციული ტიპის საწოლებია მოწყობილი. ადგილზე საშუალო და მძიმე პაციენტების მართვა იქნება შესაძლებელი. მედპერსონალი კი, სრულადაა გადამზადებული და შესაბამის პროფესიულ უნარ-ჩვევებს ფლობს საველე ჰოსპიტალში მოთავსებულთა დასახმარებლად. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ყველაფერი კეთდება პაციენტების მართვის ჰოსპიტალურ სექტორში გასაგრძელებლად, თუმცა საველე ჰოსპიტალი უკვე მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულების მისაღებად.

დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი. საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის დაწესებულების გამართვა სხვადასხვა ქალაქში, მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.

საველე ჰოსპიტალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მისი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია იმყოფებოდა.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები