მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

  • 2021-09-13 16:39:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელა.

დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება;

ამასთან, დღეიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად;

უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია - https://covidpass.moh.gov.ge/, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ;

არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.

გარდა ამისა, სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ, წარადგინონ, ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ.

საკოორდინაციო საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

ამასთან, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო-გასართობი ცენტრები.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 581 815 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 545 961 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 8 233 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 85 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 611 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 186 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მსგავსი პოსტები