კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა- ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის სტატისტიკურ მონაცემებზე, ასევე მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
,,მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულების რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს“, - აღნიშნა ტიკარაძემ და საწოლფონდზე ისაუბრა.
„საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5868, აქედან დღეს წევს 5313 პაციენტი, ტრიაჟში ამ დროისთვის იმყოფება 253 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის 227. დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლფონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზენებისთვის და დღეს დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად. ყოველდღიური გაწერების რაოდენობა არის 800 პაციენტამდე და ასევე მიღების კოეფიციანტი და პროცენტი ჰოსპიტალიზაციის ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ ხდება გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და სიმპტომის მიზეზის დადგენა. ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და ასევე პრობლემის დროული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველა ის ბერკეტი, რითაც დროულად დაუკავშირდებიან ოჯახის ექიმს და ასევე ტესტირების ჩატარების კუთხითად დროულად დაესვათ დიაგნოზი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის. ასევე, დაგეგმილია დამეტებითი შესყიდვები და სასუნთქი აპარატები საჭიროების მიხედვით ყველა კლინიკაში გადანაწილდება.
„თუ რა დღიურ რაოდენობაზე შეიძლება, რომ ქვეყანაში კოლაფსი შეიქმნას ეს ძალიან რთული სათქმელია, ვინაიდან მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილს არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა - მნიშვნელობა აქვს პაციენტების სიმძიმის და ხარისხობრივ ჭრილსაც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ დღეს დანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან ერთად სადაც შემდგომი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ახალ პორტალზე- ambulatoria.moh.gov.ge ისაუბრა, რომელიც მისივე განცხადებით, „მნიშვნელოვნად განტვირთავს 122-ში მიმართულ ზარებს.
„ამ პორტალის მეშვეობით, ყველა მოქალაქეს, პირადი ნომრის მითითებით, მიეცემა ინფორმაცია, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიმაგრებულები და ასევე - საკუთარი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი. აქვე, მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი და, შესაბამისად, მათ მიეცემათ საშუალება, კონსულტაცია გაიარონ უშუალოდ ოჯახის ექიმთან. ეს ყველაფერი შევიმუშავეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამოსწორება და უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი გეგმაა მომსახურების გაფართოება და და მეტი მოქნილობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს და იმ პაციენტებს, რომელთაც უკიდურესად სჭირდებათ სასწრაფო დახმარების გადაუდებებლი მომსახურება, ექნებათ გაცილებით ნაკლები ლოდინის დრო. შესაბამისად, ამ კომპონენტშიც, მეტად მოქნილები ვიქნებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მოქალაქეებისთვის კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეიდან ახალი პორტალი, ambulatoria.moh.gov.ge ამოქმედდა. გადატვირთული 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჯანდაცვის სამინისტროში ახალი პორტალი უკვე ჩაეშვება. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად მიმართონ ექიმს.
ამირან გამყრელიძემ კი, ანტიგენზე დამყარებულ ტესტებზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით, საშუალებას მისცემს მედპერსონალს კორონავირუსის და რესპირაციული ვირუსების დიფენერცირება მოახდინოს.
„მოგეხსენებათ ჩვენ ძირითადად ანტიგენზე დამყარებული ტესტებზე ვაკეთებდით აქცენტს იქ, სადაც „პისიარის“ ხელმიუწვდომლობა იყო, ძირითადად დაშორებულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში და ასე შემდეგ. თანდათან ალბათ, ხვალიდან ეს გაფართოვდება. თბილისში, დიდ ქალაქებში აქცენტი იყო სტაციონარზე, რადგან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონზე, როდესაც მიდის ადამიანი სტაციონარში დასაწოლად საჭიროა დიფერენცირება, არის თუ არა სხვა რესპირაციული ინფექცია თუ კოვიდინფექცია. მათ აქვთ საშუალება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით გააკეთონ დიფერენციაცია“,-განაცხადა გამყრელიძემ.
ბრიფინგის დასასრულს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რისკ ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ყველა პოლიკლინიკა, რომელსაც ამცრელი კაბინეტები აქვს, გრიპის ვაქცინის შესაბამისი დოზებით მომარაგებულია.