კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრის ჰანან მუჰამმედ ალ კუვარის მოწვევით , ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უწყების პირველმა პირმა სამიტის დელეგატებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში განახორციელა. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.
“შეზღუდვების მოხსნისა და ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, გაზრდილი მობილობის ფონზე, პროგნოზირებადი იყო შემთხვევების თანდათანობით მატება იმ რეგიონებში, სადაც მობილობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა - დღეისათვის ახალი შემთხვევების რიცხვი - 839-ია მილიონ მოსახლეზე. თუმცა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია განვაცხადოთ, სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულმა გამართულმა მოდელმა სამედიცინო პერსონალს მისცა საშუალება ეფექტურად ემართა კორონავირუსი, რამაც განაპირობა დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი “-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .
სამიტის წევრებმა საქართველოს საქმიანობა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით დადებითად შეაფასეს.
მინისტრის განცხადებით , ახალი კორონავირუსის შემთხვევების სამართავად და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა იგეგმება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიაში მონაწილეობდნენ:კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრი ჰანან მუჰამმედ ალ კუვარი ,სინგაპურის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო მინისტრი ჯენილ პუტუჩერი ,შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ,ლონდონის იმპერიალ კოლეჯის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის თანადირექტორი დევიდ ნაბარო და დიდი ბრიტანეთი სპეციალური მრჩეველი ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებში დეიმ სალი დევისი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტი „კატარის ფონდის“ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივას წარმოადგენს. სამიტის მიზანი, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში დიალოგის ხელშეწყობაა.ონლაინ პლატფორმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს, მკვლევარებსა და ინოვატორებს აერთიანებს.