მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იწყება ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ 1 მლნ ლარამდე თანადაფინანსებას შესთავაზებს უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ.
ახალი პროგრამის მთავარი მიზანი პირველ რიგში იქნება დასაქმება და ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება.
თანადაფინანსების ახალი შეთავაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომლებიც ბევრ სამუშაო ადგილსა და მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნიან. საუბარია შემდეგ დარგებზე: ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა და სხვ.
ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი და მსოფლიოში აქტუალური ისეთი მიმართულების განვითარებას როგორიცაა „აუთსორსინგი“ (BPO), ლოჯისტიკა და თვითმფრინავების შეკეთება (MRO).
მსგავსი პროგრამები მსოფლიოში მიღებული „საუკეთესო პრაქტიკაა“, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი დამატებითი ღირებულების შემქმნელ სექტორებში მეტი ინვესტიციის მოზიდვას.