აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის", განახორციელებს დღის ცენტრების ქვეპროგრამას, რომელიც მოემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.
ცენტრის მომსახურებით, 21 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი ისარგებლებს. ცენტრი ზრუნავს ბენეფიციარების სოციალური უნარების განვითარებაზე, უზრუნველყოფს ბავშვების ინტეგრაციას სოციუმში, მათთან კვალიფიციური სპეციალისტები იმუშავებენ კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა. ცენტრი COVID-19-ის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებს.
„შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავითარებენ ამ სერვისებს და სთავაზობენ შშმ პირებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასარგებლოდ. შშმ პირებს უნდა მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო“,-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება შემდეგ მისამართზე:
აბაშა. უჩა კაჭარავას ქუჩა N5.