პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა

  • 2020-11-23 19:07:40

არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები იყო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით დღეს სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება.

განსაკუთრებულად აღინიშნა ის ფაქტი, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ის, რომ გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა როგორც მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ისე ბიზნესის პასუხისმგებლობაზე - დაიცვან არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად.

როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის საერთო საქმე - როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს პანდემიასთან ბრძოლაში.

თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ იზიარებენ მთავრობის მიდგომას წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარ ობიექტებში უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა ყველაფერი გააკეთონ როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.
 

🎬 იხილეთ ვიდეო

 

მსგავსი პოსტები