მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

  • 2020-05-07 16:26:55

აქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, რა რეკომენდაციებიც უახლოეს დღეებში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხოლო შემდგომ წარმოდგენილი იქნება სოფლისა და ფერმერების მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორული თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, ხოლო მეოთხე - ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გეგმას მთავრობა უახლოესი ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს.

„ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო. როდესაც საჭირო იყო ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. შემდგომ იყო აუცილებელი უფრო ღრმა შესწავლა და შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ, როგორც ბიზნესის და კერძო სექტორის მხარდაჭერის, ისე თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერა და ჩვენ გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც  ვსაუბრობთ ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვის და მათი ნელ-ნელა, ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ აუცილებელი იქნება, მხარი დავუჭიროთ სოფელს, ჩვენს ფერმერს, შემდეგი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისა და სტუდენტისგან და მათაც სრულად უნდა იცოდნენ, სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას ჩვენ მივყვებით უახლოესი ათი დღის განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნის და ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე და არა კრიზისული, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და წარმოვადგინეთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და კერძო კომპანიების სოციალური მხარდაჭერის გეგმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. პირველ რიგში, ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გადა ამისა, ვისაუბრებთ ქალაქებს შორის გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი გახლავთ ტურიზმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა.

ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ჩვენ 3-4 თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად - პირველი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე - ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ წარმოადგინა შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები შედარებით უფრო სწრაფად გადაიდგას.

პრემიერის შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას.

„ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როდესაც ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტზე, დღეს ეკონომიკა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ეს არის შემოსავალი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახში და ყველა ვალდებული ვართ, ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები. ამ თვალსაზრისით, მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა - სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები. ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, იმ ბრძოლაში, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება როგორც ტურიზმის მიმართულებით, ისე - ეკონომიკური განვითარების თითოეულ სექტორში და სფეროში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.

„ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ წესები თითოეული სექტორისთვის, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება სხვადასხვა სახის მომსახურებები, რათა ეს წესები მათთვის ცნობილი იყოს. ეს წესები ჯანდაცვის სამინისტროში უკვე არსებობს, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეპიდემიოლოგების და ექიმების კარგი შრომის შედეგად და ეპიდემიოლოგიური კუთხით შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული.

"მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ტესტირების ჩატარება და სწორედ აქედან გამომდინარე გვჭირდება ეს დამატებითი დრო. სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც ამას აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლიანად გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გარდა ამისა, 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

„ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხსმგებლიანი ქმედების და შრომის შედეგია, რომ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც ერთი კვირით დავაჩქარეთ მშენებლობის და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების გახსნა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შუალედები გახსნებს შორის შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე. არის გარკვეული შეღავათები საფინანსო სექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინფორმაციას, ისევე როგორც ყველა იმ პროტოკოლს და ეკონომიკის გახსნის ახალ ეტაპებს უახლოეს პერიოდში ნახავთ მთავრობის შესაბამის საინფორმაციო წყაროებზე," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, ქვეყანამ შეიძინა უდიდესი გამოცდილება მაღალი რისკის შემცველი ადამიანების მომსახურების მიმართულებით.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, როდესაც ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს, მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს. პოსტკრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს. ეს არ არის მარტივი თემა იმიტომ, რომ ინფიცირების რისკის პირობებში სასტუმროს მართვას სჭირდება სხვადასხვა გამოცდილება, ცოდნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩვენს ბევრ სასტუმროს დაუგროვდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, კარანტინის ზონები საქართველოში გაიარა 19 000-მა მოქალაქემ, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან, მთავრობამ ორგანიზებულად ჩამოიყვანა ან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც შემოდიოდნენ სახმელეთო საზღვრებით. ეს იყო ჩვეულებრივი სასტუმრო მომსახურება, თავისი კვების ბლოკებით,  ტრანსპორტირებით და ყველა სერვისით, რომელსაც სასტუმრო ახორციელებს. ეს არის ის გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და რომელსაც უკვე იყენებს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის გეგმის შესაბამისად, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან - საქართველო იქნება მზად იმისთვის, მიიღოს უცხოელი ტურისტები.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე - უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.

„ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ჩვენთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას, რომ უცხო ქვეყნიდან სტუმრები მიიღოს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ დარგს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის ფინანსური, რათა ნორმალურ ფორმაში იყოს და 15 ივნისიდან და 1-ელი ივლისიდან სტუმრები მიიღოს.

პრემიერმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სახელისუფლებო გუნდის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და მიზნად ისახავს პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე ტურისტული სექტორის მხარდაჭერას.

„ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება  ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის.  ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება წლის ბოლომდე. ვერავის დავპირდებით საშემოსავლოს სრულად ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.  კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას - ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობა  უახლოეს მომავალში  წარადგენს სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით მუშაობს.

„ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე. დღეს, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სექტორულ მიმართულებას. სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ - დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდგომ - განათლება. ჩვენ ამ გეგმას მომავალი კვირის ბოლომდე დავასრულებთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით და ამ გეგმას უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ უწყებებს და ადამიანებს, რომლებიც ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მინისტრ ნათია თურნავას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს, საკანონმდებლო ორგანოს და პარლამენტის წევრებს და თბილისის მერიას.

 

🎬 იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები