ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფ პირთა დადგენის მიზნით, კვლევები დღესაც გრძელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი არსებული ვითარების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა. მან რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერს დაავალა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების მაქსიმალური კონტროლი.
„ამ ეტაპზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა და ველოდებით უკვე ჩატარებული ტესტირების პასუხებს. დადგენილია კოტაქტები მუნიციპალიტეტის 4 სოფელში და ამ დრომდე აღებულია 121 პირის ბიოლოგიური ნიმუში. პასუხების ნაწილი დღის ბოლოს გვეცოდინება, რის მიხედვითაც, საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალისტებთან ერთად მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეპიდვითარების ეფექტურად კონტროლისათვის, აუცილებელია გავითვალიწინოთ და მკაცრად დავიცვათ უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული მოთხოვნები. ვთხოვ რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დავიცვათ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება“- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.
ცაგერში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებისთანავე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრისა და ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ 4 სოფელში დაიწყო მიზნობრივი ტესტირება და მასობრივი თერმოსკრინინგი. ამ დრომდე, სამ სოფელში - ლაჯანაში, სპათაგორსა და ორბელში მოძიებული კონტაქტების 121 ნიმუშია გადაგზავნილი კვლევისათვის ლაბორატორიაში, რომელთა პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება გრძელდება.