საკოორდინაცი საბჭოს წევრების ბრიფინგი

საკოორდინაცი საბჭოს წევრების ბრიფინგი

  • 2020-11-24 14:43:58

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა-მაია ცქიტიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ამირან გამყრელიძემ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააჟღერეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
​როგორც ბრიფინგზე აღინიშნა ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული
გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დღეების განმავლობაში შემცირდეს სამუშაო საათები და შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა
„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არა სამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი და ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს. ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი მხრივ იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას.“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ბრიფინგზე ვაქცინის შესახებაც ისაუბრეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
,,ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.
„ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არიან ჩემი კოლეგები, ანუ, პირველ რიგში, ალბათ ყველგან აიცრება სამედიცინო პერსონალი, იგივე აშშ-ის იწყებს აცრას სამედიცინო პერსონალით, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ, ექიმები და მათ შორის სამედიცინო პერსონალი. იცით, რომ ჩვენ იგივე გრიპის ვაქცინაში ერთ-ერთ მთავარ რისკ ჯგუფად გვიდევს სამედიცინო პერსონალი და ბოლო მონაცემებით, სადღაც 30 000-მდე იყო აცრილი ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სამედიცინო პერსონალიდან.
შემდეგ მეორე რისკ ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დავადებები, დიაბეტი, გულ-სისხლძაღღვთა სისტემის ავადმყოფობები, ანუ ეს ჯგუფები და დანარჩენი იქნება განხილული, როგორც არის მოხუცთა სახლები, თავშესაფრები და ა.შ. მაგრამ, პირველ რიგში, ყველა ქვეყანა მიმართავს სამედიცინო მუშაკების აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
ბრიფინგზე საველე ჰოსპიტლების თემასაც შეეხნენ.
“ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, ასე რომ, საველე ჰოსპიტლების საკითხი არ განიხილება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლების გამოყენებისას ქვეყნის რესურსია გასათვალისწინებელი.
„არაერთხელ ვთქვით, საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ. ვინაიდან ჩვენ გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზება მოხდა და შემდეგ პაციენტების იქ მკურნალობა არ მოხდა. არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალი საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს. ამიტომ, საველე ჰოსპიტლები არ განიხილება”, – განაცხადა მინისტრმა.

 

🎬 იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები