საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.
შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვინაიდან ხელისუფლების მიზანია, სხვადასხვა სექტორთან და სფეროს პროფესიონალებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.
საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას ასევე გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.
შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე - შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი - ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან.