სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესო ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ეს პოლიტიკა და სტრატეგია გაგრძელდება.
„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ერთ კვირაზე მეტია, ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე. სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესო ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობ ბალანსზე, ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად, ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სექტემბრიდან გაჩნდა ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი - ეპიდემიასთან, მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, ჩაერთო მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი - პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, მთავრობას გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწია.
„პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია და ეს კომპრომისები განსაზღვრული იყო ქვეყანაში იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ ტურამდე, მეორე ტურამდე და შემდეგ, რა თქმა უნდა გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დაადასტურეს და დააფიქსირეს რამდენჯერმე ჩვენი ქვეყნის და ქალაქების ქუჩებში. დღეს ჩვენი, საქართველოს მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, ყველას ამოცანა გახლავთ, რომ საქართველო უნდა დავუბრუნოთ დაახლოებით ისეთ მაჩვენებლებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორიც გვქონდა აგვისტომდე. მოგეხსენებათ, საქართველო ამ პერიოდში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი - პირველ რიგში - სრული „ლოქდაუნი“, მეორე - არსებული შეზღუდვების პირობებში ცხოვრების გაგრძელება და მესამე - უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე საუბრისას ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავარი მიზანია ქვეყნის შეზღუდული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად მაქსიმალური შედეგი დადგეს ეპიდემიის გავრცელების შენელების თვალსაზრისით.
„როდესაც ჩვენ პირველი ტალღის შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინ მსოფლიოში არავის ჰქონდა წარმოდგენა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის 2-თვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით და კონკრეტული ღონისძიებებით. ეს გეგმა შედგენილია დისკუსიის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა ფართო საზოგადოება. ამიტომ გახდა ეს გეგმა გუშინ ასე ხელმისაწვდომი ინტერნეტ-რესურსებში. ამ პროცესში მონაწილეობდა როგორც ბიზნესი, ისე ექიმები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მრჩევლებიც,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, შეზღუდვასთან დაკავშირებული ღონისძიებების მთავარი მიზანია, შეჩერდეს ეპიდემიის ზრდის სისწრაფე.
„არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე. ღონისძიებების მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ამან თავის მხრივ უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. დღეს ქვეყანაში კეთდება 15-16 ათასი ტესტი. ყველაფერთან ერთად, შემუშავებულია აბსოლუტურად ახალი კლინიკური მართვის გეგმა. რამდენიმე ახალი კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში, რომელიც ზაფხულის პერიოდში შეიქმნა - ბათუმის ინფექციური, რუხის კლინიკა და სხვა. თუ პირველი ტალღის დროს კოვიდის მართვის პროცესში ჩართული იყო 5 კლინიკა, დღეს ჩართულია 80-ზე მეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის კლინიკური მართვის ახალი გეგმა, როდესაც ჩვენს ექიმებს დღეს უფრო ბევრი ცოდნა აქვთ, როგორ უნდა მართონ კოვიდი. ამიტომ, ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება და ვთქვით, რომ ადაპტაცია, ეს არის ოპტიმალური სტრატეგია, რომ ჩვენნაირი ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის.
„ჩვენი მიზანია, შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიადგეს. ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში მოგვიწია შესვლა და ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ერთეული ქვეყნებია, განსაკუთრებით ევროპაში, რომლებმაც მსგავსი მასშტაბური არჩევნები ჩაატარეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორთვიანი კონკრეტული გეგმა დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1-ელ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.
გიორგი გახარიას განმარტებით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება.
„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია - თბილისი, თელავი, ბათუმის, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი, ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს არის ის ძირითადი შეზღუდვები, რომელიც წესდება. მსგავსი შეზღუდვები იანვარშიც, რაღაც პერიოდი გვექნება. ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახის სამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახის სისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენის გაზის მომარაგება. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობას. სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას და მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონებიც. ამ პერიოდისთვის და თებერვლის ბოლომდე, საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დავტოვოთ სახლში, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავცემთ მკაცრ რეკომენდაციას, ყველა კომპანიამ, მაქსიმალურად გადაიყვანოს თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში გადასული იქნება დისტანციურ მუშაობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.
„მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური, ეს გვეხება ყველას, დღესაც, ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ. ამიტომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად გაკონტროლდეს ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში, დამატებით, მესამე, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ამ პერიოდში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტიც, მაგრამ შეზღუდვა, რომელიც დღეს არის გადაადგილებაზე, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
„ამ გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, არის რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც სრულად შეჩერება ეხება - ეს არის რესტორნები, სადაც მხოლოდ მიტანის სერვისები დარჩება, ასევე, ფიტნეს-კლუბები და საცურაო აუზები.
„უმკაცრესი რეკომენდაციაა მთავრობის მხრიდან კომპანიებში მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხოლო ჩვენ, ჩვენს საჯარო მოხელეებს სავალდებულოდ გადავიყვანთ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი. 28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს საშუალებას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები ხოლო შემდგომ უკვე ისევ ვუბრუნდები შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს მობილობის შემცირებას.
„შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ საშუალება, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა არ იყოს ჩაკეტილი დღეებში, არამედ მათ შეეძლოთ, დაგეგმონ გადაადგილება ორი, ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. 16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება. იგივე შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, რჩება მხოლოდ შაბათ-კვირას. ეს არის ყველაფერი, რაც ეხება შეზღუდვებს, რაც არის კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი და რასაც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი ძალა ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისთვის. აქ არის დამატებითი შეზღუდვები განათლების სფეროში, გარკვეული შეზღუდვები ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით იზღუდება საცალო ვაჭრობა, ბაზრობები, მოლები, მაღაზიები და ამ სექტორში ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, მთავრობა აწესებს იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც იყო თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში - 300 ლარი ერთჯერადად. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, 300-ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სესხის გადავადებაში დაეხმაროს.
„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ფაზას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ეტაპი იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი, ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე, დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარი ერთჯერადად. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი იქნება, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე.
„ამიტომ, ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება. გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც პირველი ტალღის დროს ძალიან კარგად იმუშავა - ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა. გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება.
მთავრობის მეთაურმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში განახორციელებს.
„ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის ეს გახლდათ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 1 500 ლარამდე ხელფასების მქონე მათი თანამშრომლებისთვის 750 ლარზე, როდესაც ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს, ეს იყო დაახლოებით 260 მლნ ლარი. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი გაუქმდება, ისინი სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ტურიზმის სექტორში 2020 წლის განმავლობაში 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი გადავადებული იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი სრულად ჩამოეწერება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორთან ერთად დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ რესტორნების ბიზნესი არის უკიდურესად დაზარალებული, ამიტომ სასტუმროების დახმარების ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, რესტორნების ბიზნესზეც გავრცელდება. ყველა სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს. ეს მე-4 ფაზის დახმარების პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების კუთხით, მთლიანობაში სახელმწიფოს დაუჯდება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით, შეზღუდვების გატარება ფორმალური, იურიდიული თვალსაზრისით მთავრობას შეუძლია 1-ელ პირველ იანვრამდე, ვინაიდან „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმა პირველ იანვრამდე მოქმედებს.
„გარდა ამისა, დასამტკიცებელია ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სწრაფად და შესაბამისად, ეს იქნება 2-თვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი და სიჩქარე, რამაც უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდის ის პოტენციალი, რომელიც გვქონდა გაზაფხულზე. დღესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ნათია თურნავამ და ივანე მაწავარიანმა უპასუხეს.