მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი - მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი
მოქალაქეებზე ზრუნვა - პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარი. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა: 500 ათას პირზე მეტი (ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი).
კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განვახორციელებთ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი;
300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;
600 ლარიანი დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი;
600 ლარიანი დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.
ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი - 515 მლნ ლარი
საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.
ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის - ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი;
2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი;
გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3700 კომპანია;
მიკრო გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი;
საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.
ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.