ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

  • 2020-11-26 17:57:32

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2021 წელს სხვა საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ.

„ტურიზმის სექტორი, რომელიც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ პერიოდში 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა გაფართოვდეს და მას რესტორნებიც დაემატება, რომელთაც ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეზღუდვების თემასაც შეეხო, მისი განცხადებით, ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, დაწესესებული შეზღუდვები ლოკალური და სექტორულია.

„ ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი. ეს შეზღუდვები არის ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არ არის საყოველთაო, არამედ სექტორულია, იმიტომ, რომ კონკრეტულ სექტორებზე იქნება მიმართული, რომელიც არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებში აგენერირებს უფრო მეტ მობილობას. ეს არის ძირითადად არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები , რესტორნები და ზამთრის კურორტები“,-განაცადა თურნავამ.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები მაქსიმალურად დაბალანსებულია სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტებით.

მსგავსი პოსტები