300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო

  • 2020-12-03 14:56:29

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო პორტალზე https://eservices.rs.ge

300-ლარიანი დახმარება განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ ორი დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო თავის მხრივ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციის ჩარიცხვას.

აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე იმ საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.

მსგავსი პოსტები