მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის პირველი შედეგები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებაზე, ინტენსიური ტესტირების პროგრამის გაგრძელება და მიღწეული შედეგების შენარჩუნების პროცესში მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება გრძელდება, რაც უზრუნველყოფს ინფიცირებულთა დროულ იდენტიფიცირებას, მათ იზოლაციას და ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტია.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, არსებული მაჩვენებლები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი 19%-მდე დავიდა, თუმცა ვითარების შედარებითი სტაბილიზაცია და კლების დინამიკა დამშვიდების საფუძველი არ უნდა გახდეს. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან და მომავალი დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, რადგან ეპიდემია კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილების აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს არასასურსათო სავაჭრო ობიექტებთან, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.
საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. მათ შორის კომისია ინტენსიურად მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზე, პირველ რიგში რომელი ჯგუფები უნდა აიცრან. ასევე, შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა. კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, -20 გრადუსზე მომუშავე სამაცივრე მოწყობილობები არსებობს მუნიციპალიტეტების დონეზე, -70-80 გრადუსზე ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე მაცივარია, კიდევ რამდენიმე კი შესყიდვის პროცესშია, რის შემდეგაც დიდ ქალაქებში აღნიშნული სისტემაც გაიმართება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული რესურსები ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაძლიერდება. სრულდება მუშაობა ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.
საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების კუთხით. აღინიშნა, რომ ეფექტურად მუშაობს კლინიკური სასტუმროების სისტემა, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. გარდა ამისა, ბევრ კლინიკურ სასტუმროს მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მოქმედი შეზღუდვების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შეჩერების პროცესში კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 624 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გასული 24 საათის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 195 ობიექტზე, საიდანაც, 119 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 45 ობიექტი, სადაც დარღვევები არ აღმოჩენილა; გაფრთხილებული ობიექტებიდან 31-ის დამატებით გადამოწმებისას დადგინდა, რომ ისინი წესების დაცვით ფუნქციონირებდნენ.
საბჭომ ასევე განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 74 მილიონს მიუახლოვდა, მათ შორის უკანასკნელ 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 587 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 1.641 მილიონს გადააჭარბა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 198 387 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 167 281 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1922 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 622 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2461 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6721 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.